English / ქართული / русский /
მურმან ბლიაძე ნოდარ ბლიაძე ლიზი ჭელიძე
ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოში

ანოტაცია. ცნობილია რომ XXI საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები თითქმის ყველა სფეროში იმკვიდრებს თავს. ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანური შესაძლებლობების პოტენციალის ზრდას. ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრება მსოფლიოში უსწრაფესი ტემპებით ძირითადად მიმდინარეობს  განვითარებულ ქვეყნებში. სტატიაში წარმოდგენილია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, რომლებიც უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას: რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე და როგორ პასუხობს ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზებულია საქართველოში გადადგმული ნაბიჯები ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყნის ყველაზე სწრაფ, ეფექტიან გზას წარმოადგენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. თუ რამდენად გაჰყვება საქართველო თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება და მომავალი. ასევე ეს პროცესი დამოკიდებულია თანამედროვე ციფრული მეწარმეობისა  და ეკონომიკური ტენდენციების განვითარებაზე, ამიტომ ამ საკითხების მოგვარებისთვის   ევროკომისიამ  5   ძირითადი  მიმართულება  გამოყო:

1. ციფრული განათლებისა და ცოდნის საბაზო სისტემების არსებობა;

2. ციფრული ბიზნესგარემოს სტიმულირება და მხარდაჭერა;

3. გამარტივებული წვდომა ფინანსებთან;

4. ციფრული უნარებისა და ნიჭის მხარდაჭერა;

5. ციფრული სამეწარმეო კულტურის გაძლიერება.

ამ  მიმართულებების გატარება  სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს, რაც ჩვენი შეხედულებით მკვეთრად გააუმჯობესებს საქართველოს თანამედროვე მდგომარეობას.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ეკონომიკა, ციფრული ტექნოლოგია, ციფრული ინოვაცია. 

XXI  საუკუნე მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციების ეპოქაა და იგი მსოფლიო ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე დგას. თანამედროვე ტექნოლოგიები თითქმის ყველა სფეროში იმკვიდრებს თავს,  განვითარების  ახალ საფეხურზე გადადის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის შესაძლებლობების პოტენციალის ზრდას. ციფრული ტექნოლოგია და ციფრული ეკონომიკა  მთელ მსოფლიოში უსწრაფესი ტემპით  ვითარდება.

დღეისათვის მთელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია სამუშაო ადგილების შექმნა, საწარმოო ხარჯების შემცირება,  ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება.   თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს, რომელიც იმდენად ჩაერთო ეკონომიკის მართვაში რომ გაჩნდა ცალკე ტერმინი – ციფრული ეკონომიკა.

ციფრული ეკონომიკა ეს არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ახალი ეპოქა, „რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და სხვა ტექნოლოგიების დანერგვით და გამოყენებით მსოფლიო მიმართულებას დაჩქარებული ტემპით შეცვლიდა. კარგი იქნებოდა საქართველოშიც სწორედ ამ მიმართულებით გაძლიერებულიყო მუშაობა სხვადასხვა სფეროში, რადგანაც ცნობილია რომ ქართული ციფრული ეკონომიკა ჯერ კიდევ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს განიცდის. რეალურად რომ ვთქვათ ბიზნესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა დაბალი ტემპით მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ბიზნესში დოვლათის შექმნის პროცესს. საერთოდ ციფრული ეკონომიკა არ უნდა განვიხილოთ ვიწრო მიმართულებით, იგი უნდა განვიხილოთ როგორც ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და  ტექნოლოგიური მიმართულებების ერთიანი სისტემა.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, ზოგადად ციფრული ეკონომიკა ეს არის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების სისტემა, რომელიც ეფუძნება ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. სწრაფად გავრცელებადი ციფრული ტექნოლოგიები გარდაქმნის ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის მრავალ სახეს. ელექტრონული კომერციის, კომპიუტერიზებული მართვისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ზრდა მთელ  მსოფლიოში საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, იგი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მასტიმულირებელი ფაქტორია. ახალი ტექნოლოგიების განვითარებას  დროის უმცირეს შუალედში  შეუძლია ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება და ახალი სამუშაო ადგილების  შექმნა. ამიტომაა რომ დღეისათვის  ახალი ტექნოლოგიური ინოვაციები პასუხობს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს. ციფრული რევოლუციას მსოფლიოში მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას უწოდებენ, ეს კი  გამოიწვია რამდენიმე ახალი  ტექნოლოგიების საფუძველზე  კიბერ-ფიზიკური სისტემების შექმნამ. ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება  პირდაპირ კავშირში არის  ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონესთან. სწორედ ამიტომ ციფრული ეკონომიკა ყველაზე  სწრაფი ტემპით მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ვითარდება. ციფრული ეკონომიკის განვითარება მოითხოვს განსაკუთრებულ ფინანსურ ხარჯებს, რომლის გაღება   მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ადვილად შეუძლია. მსოფლიოში ტექნოლოგიური პროცესების განვითარების  მიმართულებით რამდენიმე ქვეყანა ლიდერობს: ამერიკა, იაპონია, გერმანია და ჩინეთი.  ამ მიმართულებით საქართველოს განვითარება და მომავალი დამოკიდებულია თანამედროვე ციფრული მეწარმეობისა  და ეკონომიკური ტენდენციების განვითარებაზე. ამიტომ ამ საკითხების მოგვარებისთვის   ევროკომისიამ  5 ძირითადი მიმარ­თუ­ლება გამოყო:

1. ციფრული განათლებისა და ცოდნის საბაზო სისტემების არსებობა;

2. ციფრული ბიზნესგარემოს სტიმულირება და მხარდაჭერა;

3. გამარტივებული წვდომა ფინანსებთან;

4. ციფრული უნარებისა და ნიჭის მხარდაჭერა;

5. ციფრული სამეწარმეო კულტურის გაძლიერება.

ამ  მიმართულებების გატარება  სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. საქართველოში არსებული გარკვეული ტექნოლოგიური თუ ადამიანური ბარიერი მნიშვნელოვნად აფერხებს ციფრული ეკონომიკის დანერგვას.  მსოფლიოს თანამედროვე  გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ციფრული ეკონომიკის განვითარება ქვეყნისათვის ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზას წარმოადგენს. საქართველოში ევროკომისიის მიერ მოცემული კითხვარების  თანმიმდევრულად გატარების შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლების თანდათანობით გაზრდა. განვითარებულ ქვეყნებში ციფრული ეკონომიკის ზრდის ყოველწლიური საშუალო მაჩვენებელი 10%-ს აღწევს, განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში კი – საშუალოდ 20%-ს. საქართველოში ამ მიმართულების გასაუმჯობესებლად აუცილებელია სერიოზული ინვესტიციის განხორციელება,  კერძოდ, პერსონალის გადამზადება და ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვა. ჩვენს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის   განვითარებისათვის საჭიროა მყარი ნაბიჯების გადადგმა. დღეისათვის საქართველოში  არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობს, იქმნება სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტი და სტარტაპი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში არსებული საწარმოები  ფართო მასშტაბით იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საქართველოში ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი საწარმოებში დღეისათვის შეადგენს  99,2%-ს, ხოლო  ვებგვერდის გამოყენების მაჩვენებელი – 75,8%-ს. შესაბამისად 2018 წელს ინტერნეტმომხმარებელი იყო 654,8 ათასი აბონენტი, ხოლო 2021 წელს ამ ციფრმა შეადგინა 891,5 ათასი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში. მსოფლიოში დღეისათვის ციფრულ ეკონომიკაში დასაქმებულია დაახლოებით 350 მილიონი ადამიანი, ევროპის მასშტაბით 2023 წლის დასაწყისისათვის ციფრული ეკონომიკის მიმართულებით დამატებით კიდევ 7,5 მილიონი ადამიანი იმუშავებს. მის სწრაფ განვითარებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფორმაციის  დაცულობის საკითხს, ამასთან ძალზე მნიშვნელოვანია ყოველგვარი მონაცემების შენახვის საკითხი. კერძოდ: პერსონალური ინფორმაციის დაცულობა, კიბერშეტევები და სხვა სახის რისკები, რომელთა განხილვას და გაანალიზებას ალბათ ცალკე შრომა მიეძღვნება.

აღნიშნული მაჩვენებლები გვეუბნება, რომ სახელმწიფომ  კიდევ უფრო მნიშვნელოვნად  უნდა გააუმჯობესოს  ციფრული განათლებისა და ცოდნის საბაზო სისტემების დანერგვა, რაც უნდა გამოიხატოს  ციფრული ბიზნესგარემოს სტიმულირებით, მოსახლეობაში ციფრული უნარების გაფართოებით, რომელიც საჭიროა და აუცილებელია ციფრული სამეწარმეო კულტურის გასაძლიერებლად. დღეისათვის  საქართველოში არსებული სხვადასხვა  ტექნოლოგიური თუ ადამიანური ბარიერები მნიშვნელოვნად აფერხებენ ციფრული ეკონომიკის დაინერგვის შესაძლებლობებს, ამიტომ  აუცილებელია, რომ  ციფრული ტექნო­ლოგიები დაინერგოს ყველა შესაძლო სექტორში. ეკონომიკური ზრდა საქართველოში სხვაგვარად შეუძლებელი გახდება.  ამ მიმართულებით არსებული დაბრკოლებებია   ციფ­რული სამეწარმეო კულტურისა და სხვა რეგულაციების არ არსებობა, რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია   მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური მოქმედებით. 

დასკვნა

დასკვნის სახით შეგვიძლია შევაჯამოთ და აღვნიშნოთ, რომ  სტატიაში წარმოდგენილია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, რომლებიც უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას: რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე და როგორ პასუხობს ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზებულია საქართველოში გადადგმული ნაბიჯები ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ციფრული ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზას წარმოადგენს და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. თუ რამდენად გაჰყვება საქართველო თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება და მომავალი.                                     

გამოყენებული ლიტერატურა 

1. მ. ბლიაძე, ციფრული ეკონომიკა,  სახელმძღვანელო, თბ. 2022.

2. მ. ბლიაძე,  ხელოვნური ინტელექტი, სახელმძღვანელო, თბ. 2023.

3. ენუქიძე ნ., ბატიაშვილი მ.,  ციფრული ეკონომიკა – კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზა, ჟურნალი ფორბეს. Georgia http://forbes.ge/news/1007/cifruli-ekonomika%3A-krizisidan-gamosvlisinovaciuri-gza  

4. აბულაძე რ., ციფრული ეკონომიკა სიღარიბისა და უთანასწორობის წინააღმდეგ, 2019.

5.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021-2022 წლის მონაცემები.